არსენ ბერთლანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი
სამეცნიერო სემინარი
26 დეკემბერს, 14 საათზე, ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და
თელავის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით, თელავის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა ფილოლოგიის დოქტორის, არაერთი მონოგრაფიისა თუ სტატიის ავტორის, ასევე არაერთი სამეცნიერო პროექტის მონაწილის, უნიჭიერესი მეცნიერის, ლიტერატორის, მთარგმნელის - არსენ ბერთლანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო სემინარი.
სემინარი გახსნა მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა. შესავალი სიტყვა წარმოთქვა მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების მენეჯერმა, ფილოლოგიის დოქტორმა თინათინ თუშაბრამიშვილმა.
არსენ ბერთლანის სამეცნიერო მოღვაწეობა შეაფასა ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა. მან მიმოიხილა მეცნიერის მიერ ბოლო 10 წლის მანძილზე შექმნილი სამეცნიერო პროდუქცია და ისაუბრა მათ ღირსებებზე, გამოყო არსენ ბერთლანის წვლილი წოვათუშური ენის შესწავლის საქმეში.
მეცნიერის მოღვაწეობაზე ისაუბრა აგრეთვე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მაყვალა მიქელაძემ, ხოლო არსენ ბერთლანმა აუდიტორიას წარუდგინა საკუთარი ცხოვრების გზა.
დასასრულს, მოგონებებით გამოვიდნენ ჟურნალისტი მერი ზაალიშვილი, იუბილარის მეგობრები და კლასელები.
26 დეკემბერი, 2019